აშშ ვენაში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას მკაცრად გმობს

ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ვენაში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას და სოლიდარობას უცხადებს ავსტრიელ ხალხს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„თანავუგრძნობთ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებს. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მხარდაჭერას პოლიციის მიმართ და სოლიდარობას ვუცხადებთ ავსტრიელ ხალხს“, – აცხადებს მაიკ პომპეო.

შეგახსენებთ, 2 ნოემბერს ვენაში, სინაგოგასთან ახლოს, 6 სხვადასხვა ლოკაციაზე თავდასხმები მოხდა, რის შედეგადაც, დაღუპულია სულ მცირე 2 და დაშავებულია 15 ადამიანი. ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კუცმა ფაქტს „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა და განაცხადა, რომ ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, სამართალდამცავები კიდევ ერთ თავდამსხმელს ეძებენ.