სოფელ ნამახვანში გაუჩინარებული კაცის მოსაძებნად, 7-9 მაისს გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე-ნაგებობის საგუბარებს წყლისგან დაცლიან

სოფელ ნამახვანში გაუჩინარებული კაცის მოსაძებნად, 7-9 მაისს გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე-ნაგებობის საგუბარებს წყლისგან დაცლიან. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მიმდინარე წლის 10 აპრილიდან ახორციელებს სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული მამაკაცის საძიებო-სამაშველო ღონისძიებებს. მდინარე რიონზე სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ოპერაციის ფარგლებში, 7 მაისის 08:00 საათიდან 9 მაისის 18:00 საათამდე იგეგმება გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე-ნაგებობის საგუბარების წყლისგან დაცლა. ტერიტორიაზე იმუშავებენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და იყვნენ ყურადღებით.

აღნიშნული სამუშაობის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ადგილზეც მოეწოდება", - ნათქვამია განცხადებაში.