ენტონი ბლინკენი: აშშ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უპასუხებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ რუსეთის უგუნურ თუ აგრესიულ ქმედებებს უპასუხებს.

როგორც მან BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, პრეზიდენტმა ბაიდენმა ამასთან დაკავშირებით პოზიცია ნათლად დააფიქსირა. ეს კი გულისხმობს იმას, რომ აშშ უპასუხებს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, მაგალითად, ისეთს როგორიც მან გამოავლინა რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მიმართ. კიდევ ერთ მაგალითად ბლინკენმა ჰაკერული შეტევა და არჩევნებში ჩარევა დაასახელა.

„თუმცა, ჩვენ გვირჩევნია უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობა“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

ენტონი ბლინკენი ლონდონში, დიდი შვიდეულის სამიტზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც უკრაინაში გაემგზავრა.

უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით, ენტონი ბლინკენმა პოსტი Twitter-ზე გამოაქვეყნა.

„აშშ-უკრაინის პარტნიორობის გაძლიერებისკენ მივისწრაფით. მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გვექნება, განვიხილოთ რუსეთის აგრესია და ხაზი გავუსვათ რეფორმების ტემპის შენარჩუნებისა და მასზე ფოკუსირების მნიშვნელობას“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.