6 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამში 51 600 ადამიანი აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობობით, სრულად ვაქცინირებულია 7873 ადამიანი.
"აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, გუშინ რეკორდული რაოდენობის, 3600 მოქალაქე აიცრა.
"საქართველოში ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, გუშინ ჩვენ რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა - 3600-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო კუთვნილი ვაქცინის დოზა, რაც ძალიან სასიამოვნოა. ვაკირდებით და ვხედავთ, რომ საზოგადოების აქტიურობა და მიმღებლობა ვაქცინაციის პროცესთან მიმართებით იზრდება, რაც მოსალოდნელი იყო. მნიშვნელოვანია, როგორც სამსახურეობრივი ჩართულობა, ასევე ბიზნესსექტორის ჩართულობაც; ვაქცინაციის პროცესში ჩართული თითოეული ადამიანი წარმოადგენს ეპიდსიტუაციის დასტაბილურების ფაქტორს", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.