ეკატერინე ტიკარაძე: ყოველი 100 ინფიცირებული უდრის 1 გარდაცვლილს

"ყოველი 100 ინფიცირებული უდრის 1 გარდაცვლილს, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი პრევენცია", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე სტატისტიკის კომენტირებისას განაცხადა.

ტიკარაძის თქმით, ეპიდსიტუაციის კუთხით რიცხვები საგანგაშოა, ამიტომ საჭიროა, მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, რომ პიკი არ მივიღოთ.

"ყოველი 100 ინფიცირებული უდრის 1 გარდაცვლილს, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი პრევენცია, ვინაიდან კოვიდ-ინფექციის ლეტალობის მაჩვენებელი, მსოფლიო მასშტაბით, 1%-2%-ს წარმოადგენს. მაჩვენებელი საგანგაშოა და ამიტომ არის მიზანი, რომ ინფექციის გავრცელება შევამციროთ, რათა შევძლოთ და გადავარჩინოთ თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე", - განაცხადა ტიკარაძემ

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, აუცილებელია, ნიღბების გამოყენება და სოციალური დისტანცირება. მისივე თქმით, მოწოდებების შედეგად, დღეისთვის ნიღბის ტარების მაჩვენებელი გაზრდილია 75%-მდე, თუმცა ეს საკმარისი არ არის და მნიშვნელოვანია, რომ ის სულ მცირე 95%-მდე გაიზარდოს.