კულტურის სამინისტრო ოსტატების რეესტრის შექმნას იწყებს

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრატორ-კონსერვატორ ოსტატთა რეესტრის შექმნას იწყებს, ხოლო 2022 წლიდან მათი სერტიფიცირების სისტემის ამუშავება იგეგმება.

ამის შესახებ თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, სამინისტრო მიიღებს შემდეგი პროფესიის ოსტატების განაცხადებს:

- ქვითხურო (ქვისმთლელი მწყობელი; ჩუქურთმის მჭრელი; დეკორატორი);

- ხითხურო; ყოველი სადურგლო სამუშაოს შემსრულებელი.

- კირითხურო (მლესავი; ყორემწყობელი; მძერწავი);

- სახურავთა ოსტატი (კრამიტ-ლორფინის ოსტატები; მეთუნუქე ოსტატები)

- მჭედელ-ზეინკალი;

- მეავეჯე; ხარატი; დეკორატორი.

დღეიდან 15 ივნისამდე, რეესტრში მოსახვედრად პრაქტიკოს ოსტატებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს კულტურის სამინისტროს ფეისბუქის ოფიციალური გვერდის, ოფიციალური ელექტრონული ფოსტის info@culture.gov.ge ან ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე 2-022-229. გასაუბრებაზე მოსაწვევად, პირმა უნდა წარმოადგინოს თავისი ბიოგრაფია და ჩამოთვალოს წარსულში განხორციელებული სამუშაოები.

"გასაუბრების შედეგად ეს ადამიანები დასაქმდებიან ჩვენს სისტემაში, ღირსეული ანაზღაურებით და ჩვენ დღეიდა, აქცენტს გავაკეთებთ არა რაოდენობაზე, თუ რამდენი ძეგლი რესტავრირდა, არამედ ხარისხზე", - განაცხადა წულუკიანმა.