ოქტომბერში ინფლაციამ 3.8% შეადგინა - რა პროდუქტები გაძვირდა

2020 წლის ოქტომბერში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 3.8% შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, ტრანსპორტისა და დასვენების ჯგუფების გარდა, ყველა სექტორში ფასების მატება შეინიშნებოდა. მათ შორის ინფლაციის ფორმირებაზე ყველაზე შესამჩნევი გავლენა სურსათის ქვეჯგუფში 5.5%-ით მომატებულმა ფასებმა იქონია.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.74 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (17.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (13.6 პროცენტი), თევზეული (10.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (6.0 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (4.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (3.5 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-3.2 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.0 პროცენტით, რაც 0.73 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (13.5 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.8 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9.0 პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.59 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (13.5 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.1 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 6.0 პროცენტით. შესაბამისად, წლიურ ინდექსში ჯგუფის წვლილმა -0.74 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია (-8.0 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურება (-4.2 პროცენტი). ამასთან, ფასები მომატებულია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (5.1 პროცენტი).

საქართველოში ინფლაციის დონემ 6%-იან ნიშნულს 2019 წლის ბოლო კვარტალში გადააჭარბა, მომატებული ინფლაცია კი მაისის ჩათვლით ნარჩუნდებოდა, რის შემდეგაც ამ მაჩვენებელმა ეტაპობრივად შემცირება დაიწყო.