ეკატერინე ტიკარაძე: საქართველო „სინოფარმის“ კიდევ 600 000 დოზას მიიღებს

საქართველოსთვის Covid 19-ის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა „სინოფარმის“ დამატებით 600 000 დოზა გახდება ხელმისაწვდომი - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ვაქცინის მოცულობები ქვეყანაში ეტაპობრივად შემოვა.

"სინოფარმის დამატებითი დოზები იქნება. ჩვენ უკვე გვაქვს დამატებით 100 000 დოზაზე ხელმისაწვდომობა, ივნისში დამატებით 250 000 დოზას ველით, თუმცა მოლაპარაკება კიდევ დამატებით 250 000 დოზაზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთო ჯამში, იმ რაოდენობის გარდა, რომელიც დღეს სრულიად დაჯავშნილია, ჩვენ კიდევ ხელმისაწვდომი 600 000 დოზა გვექნება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ საქართველოში 100 ათასი დოზა სინოფარმის ვაქცინა შემოვიდა, 4 მაისიდან კი ჩინური ვაქცინით აცრა დაიწყო.