10-ზე მეტი პოლიტიკური პარტია, მათ შორის ისინი, ვინც არსებული მონაცემებით ხვდება პარლამენტში და ისინი, ვინც ზღვარს ვერ ლახავენ თანხმდებიან, რომ არჩევნები განმეორებით უნდა ჩატარდეს. მათ ერთობლივ განცხადებას, რომლითაც არალეგიტიმურად აცხადებენ არჩევნების შედეგებს, ხელი მოაწერეს.
დოკუმენტს ხელს აწერენ: ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, "სტრატეგია აღმაშენებელი", ლელო, გირჩი, მოქალაქეები, ლეიბორისტული პარტია, რესპუბლიკური პარტია, სახელმწიფო ხალხისთვის, ევროპული დემოკრატები, კანონი და სამართალი, ერთიანი საქართველო.
როგორც ითქვა, დოკუმენტს ხელს აწერს "პატრიოტთა ალიანსიც"."2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ამომრჩეველზე ძალდობისა და დაშინების სუს-ის და კრიმინალური სამყაროს კოორდინირებული, მასშტაბური მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ამომრჩევლის ნებაზე ძალადობით გავლენის მოხდენის პირობებში. ამას თან დაერთო ოქმებით მანიპულაცია და კარუსელი, რამაც მნიშვნელოვნად დაამახინჯა არჩევნების შედეგები. ცესკოს გამოქვეყნებულმა მონაცემებმა არ ასახა ამომრჩევლის ნება. ჩვენთვის, ოპოზიციური პარტიებისთვის სრულიად ნათელია, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა უარი უთხრეს ივანიშვილის მმართველობას და არ მისცეს მას მესამე ვადით ქვეყნის მანდატი. შესაბამისად, ეს არჩევნები არ ასახავს ამომრჩევლის ნებას. ამიტომ, ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც გაგვიყალბეს არჩევნები, უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე და გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რომ არ შევიდეთ პარლამენტში. არ მივიჩნევთ ამ პარლამენტს ლეგიტიმურად, რადგან არის ის უკანონოდ არჩეული", - წაიკითხა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა და არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვა.