საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს ვეტო არ დაადო. ოპოზიციამ პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენება ამ საკითხზე ერთი კვირის წინ სთხოვა.
"ამ დღეებში საზოგადოების საყურადღებო გახდა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების საკითხი. პარლამენტში, ახალშესული ოპოზიციის მხრიდან პრეზიდენტის მისამართით გაჟღერდა ვეტოს გამოყენების მოთხოვნა. შესაბამისად, შევხვდი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს და მმართველი გუნდიდან კანონპროექტის ინიციატორებს. გადაწყვეტილების მიღებამდე მოვისმინე ყველა მხარის არგუმენტი...
ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა, თუმცა სამომავლოდ ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიციის გაცნობას და შეჯერებას, აძლევს პრეზიდენტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად გამოყენებული იყო" - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ცვლილებები შევა სამ მუხლში: 116-ე, 173-ე და 247-ე.
166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. მოქმედი კანონმდებლობით აღნიშნულ მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ხელმეორედ ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.
ახალი რედაქციით ყალიბდება ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი, რომლითაც განისაზღვრება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა - სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.
რაც შეეხება 247-ე მუხლს, რაც ადმინისტრაციული დაკავების ვადებს გულისხმობს, ცვლილებით დგინდება, რომ დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა, წარედგინება სასამართლოს.