ვაზილ ჰუდაკი: ვფიქრობ, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის ძალიან კარგი შესაძლებლობები არსებობს

"ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ეკონომიკის მინისტრთან, რომელზეც განვიხილეთ სხვადასხვა პრიორიტეტები საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ უცხოურ ინვესტიციებს და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას", – განაცხადა უცხოური ინვესტიციების მიმართულებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა მრჩეველმა​, ვაზილ ჰუდაკმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეხვედრის შემდეგ.

"ვფიქრობ, რომ საქართველოში ძალიან კარგი შესაძლებლობები არსებობს. ასევე, ეკონომიკის განვითარების ახალმა სტრატეგიამ, რომელიც ახლა შემუშავების პროცესშია, ჩემი აზრით, უნდა უზრუნველყოს ახალი შესაძლებლობები უცხოური ინვესტიციებისა და ინიციატივებისთვის. მოხარული ვიქნები, მხარი დავუჭირო ამ ძალისხმევას და ვითანამშრომლო ეკონომიკის სამინისტროსა და მთავრობასთან, რათა მეტი პერსპექტივა შევქმნათ საქართველოსთვის", - განაცხადა ჰუდაკმა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ვაზილ ჰუდაკმა და ნათია თურნავამ შეხვედრაზე განიხილეს უცხოური ინვესტიციების სტრატეგია და მიმდინარე პროექტები ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, უძრავი ქონების განვითარებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით.

​ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და სლოვაკეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვაზილ ჰუდაკი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალურ მრჩევლად წარადგინა. '