დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ივნისში საქართველოში ჩინური Sinopharm-ის ვაქცინის 500 000 დოზა შემოვა. ამის შესახებ მან "რუსთავი2-ის" ეთერში განაცხადა.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის სინოფარმის მარაგში არსებული სინოფარმის 100 000 დოზიდან ბოლო 2 დღის განმავლობაში უკვე 6 000 დოზა გამოიყენეს, მაისის ბოლომდე კი 25 000-ზე მეტ ადამიანს აქვს დაჯავშნილი ვაქცინის პირველი დოზა.
"სინოფარმის მარაგი ამჟამად არის დაახლოებით 100 000 დოზა და უფრო და უფრო მეტი, თუ არ ვცდები 25 ათასზე მეტი ადამიანია ჩაწერილი და დაჯავშნილი აქვს ადგილები მაისის ბოლომდე. ეს 100 000 არის 50 000 ადამიანისთვის, ორჯერადი აცრისთვის. ასევე, უკვე დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ჩინურ მხარესთან საქართველოს აქვს მოლაპარაკება და 500 000 დამატებითი დოზა ივნისში ორჯერადად შემოვა.
გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ ველოდებით ჩვენ სხვა ვაქცინებსაც. უკვე დღეს ინფორმაციაა, რომ Covax-ზე განთავსდება Novavax და Johnson & Johnson, პირდაპირი მოლაპარაკებები გვაქვს Pfizer-თან, დაახლოებით, მილიონ დოზაზე. ასე რომ, თუ ჩვენ ყველა სერიოზულად ვიმუშავებთ ერთად, ეს ჩვენი მთავარი მიზანი, რომ მოზრდილი მოსახლეობის 60%, 1 700 000 ადამიანი აიცრას ორჯერ და თუ Johnson & Johnson-ი გვექნება, მაშინ ერთჯერადი იქნება აცრა. ეს თეორიულადაც და პრაქტიკულადაც მისაღწევია, მაგრამ სამუშაო ძალიან დიდია", - განაცახდა ამირან გამყრელიძემ.