ნორვეგიაში COVID-პასპორტებს ივნისის დასაწყისში შემოიღებენ, რომელიც საწყის ეტაპზე, მხოლოდ შიდა გამოყენებისთვის იქნება განკუთვნილი, თუმცა ქვეყანა მის დანერგვას მიმდინარე წლის ივნისის ბოლოდან ნორვეგიის საზღვრებს გარეთაც განიხილავს და მოქალაქეებს საერთაშორისო მოგზაურობის საშუალებას მისცემს. ამის შესახებ ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა. ინფორმაცას CNN-ი ავრცელებს.
ნორვეგიის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტი პოტენციურად ეკუთვნის ყველა ვაქცინირებულ მოქალაქეს, რომელმაც უკვე მიიღო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა.
"სერთიფიკატი იქნება უსაფრთხო დოკუმენტი სახელითა და დაბადების თარიღით, ხართ თუ არა ვაქცინირებული, ხომ არ გაქვთ ნეგატიური ტესტი და ხართ თუ არა იმუნური კორონავირუსის შემდეგ", - განუცხადა CNN- ს პრეს-ოფიცერმა.
როგორც ცნობილია, სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს ივნისიდან ექნებათ უფლება შეუფერხებლად გადაადგილდნენ ქვეყნის მასშტაბით, ასევე შეძლებენ შიდა სივრცეებში შეკრებას სოციალური დისტანცირების ნორმების დაცვის გარეშე, თუმცა მათ ისევ უნდა დაიცვან მინიმუმ ერთმეტრიანი დისტანცია არავაქცინირებულ პირებთან კომუნიკაციისას.
„საჯარო სივრცეში და საზოგადოებრივ სივრცეში მათ ისევ მოუწევთ სოციალური დისტანცირების და ჰიგიენური ნორმების დაცვა, მათ ასევე უნდა გამოიყენონ ნიღბები“, - აღნიშნულია ნორვეგიის ჯანდაცვის უწყების განცხადებაში.
ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, ნორვეგიის მოსახლეობის 26% -მა მიიღო ვაქცინის პირველი დოზა და 7% -ზე მეტმა მიიღო ორივე დოზა.