დღეს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო დღე აღინიშნება

8 მაისს, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის (World Red Cross and Red Crescent Day) მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღეს დაიბადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დამაარსებელი, შვეიცარიელი ჰუმანისტი და საზოგადო მოღვაწე, ნობელის მშვიდობის პრემიის პირველი ლაურეატი ანრი დიუნანი (Henri Dunant, 1828-1910).

1864 წლის 22 აგვისტოს ჟენევაში, შვეიცარია, ანრი დიუნანის წინადადებით ხელი მოეწერა კონვენციას ბრძოლის ველზე დაჭრილთა და დასახიჩრებულთა პირველადი დახმარების თაობაზე. ამავე კონვენციაში მითითებული იყო, რომ ექიმებს და სამედიცინო პერსონალს უნივერსალური განმასხვავებელი ნიშანი ჰქონოდათ. სიმბოლოდ შერჩეულ იქნა წითელი ჯვარი თეთრ ფონზე (შვეიცარიის დროშის ფერების ინვერსია).

ასე ჩაეყარა საფუძველი წითელი ჯვრის საერთაშორისო მოძრაობას, რომელიც საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციაა და რომლის მისიაა ადამიანების დახმარება ყველაზე რთულ წუთებში და ყველაზე ცხელ წერტილებში.

საქართველოში წითელი ჯვრის საზოგადოება 1918 წელს შეიქმნა.