საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ითხოვს, გაუქმდეს 117 უბნის შემაჯამებელი ოქმები და ხელახლა გადაითვალოს მონაცემები.
„გასაჩივრებული ოქმების უმრავლესობაში ფიქსირდება დისბალანსი ან/და ოქმების გადასწორების ფაქტები“, - აცხადებს საია.
კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში საიამ 304 საჩივარი წარადგინა. მათგან 131 საჩივარი კენჭისყრის ან/და ხმის დათვლის პროცედურის დარღვევას შეეხება, ხოლო 173 უბანთან მიმართებით საია შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დარღვევებზე დავობს.
საოლქო საარჩევნო კომისიებმა წარდგენილი საჩივრები 2 დღის ვადაში უნდა განიხილონ.
31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, საქართველოს მასშტაბით 3800-მდე საარჩევნო უბანი მუშაობდა. დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია კენჭისყრის პროცესში მნიშვნელოვან დარღვევებზე მიუთითებენ, რასაც ხელისუფლება დიდწილად უარყოფს.