ჩინური უკონტროლო რაკეტის ნამსხვრევები შესაძლოა იტალიაში ჩამოცვივდეს - იტალიის 9 რეგიონი რისკის ქვეშაა

უმბრია, ლაციო, აბრუცო, მოლიზე, კამპანია, ბაზილიკატა, აპულია, კალაბრია, სიცილია და სარდინია - ჩინური უკონტროლო რაკეტის ნამსხვრევები შესაძლოა, სამხრეთ იტალიის ამ 9 რეგიონში ჩამოცვივდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Italy24news-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტის ნამსხვრევები შეიძლება ჩამოცვივდეს დედამიწაზე 6 საათის განმავლობაში, კვირას, 9 მაისს, 02:24 საათამდე და არსებიობს სამი ტრაექტორია. განსაკუთრებით საყურადღებოა სამხრეთ იტალიის ცენტრალური ნაწილი.

როგორც გამოცემა წერს, იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახური, მოქალაქეებს ურჩვევს ამ პერიოდის განმავლობაში დარჩნენ სახლებში და არა ღია ადგილებში, რადგან "ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფრაგმენტებმა შენობების ნგრევა გამოიწვიოს".

"ზოგადად, რეკომენდებულია, რომ ფრაგმენტის დანახვისას არ შეეხოთ მას, დადექით მინიმუმ 20 მეტრის დაშორებით და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ შესაბამის ორგანოებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.