რას მოუტანს საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან

როგორც უკვე გაცხადებულია, საქართველო 2024 წელს გეგმავს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენას. მანამდე კი, ცხადია ქვეყანას დიდი ძალისხმევის და სამუშაოს გაწევა მოუწევს. შიდა პოლიტიკურმა კრიზისებმა, რომლებიც ევროკავშირის და უშუალოდ შარლ მიშელის მედიაციით გადაიჭრა, გარკვეულწილად მაინც დატოვა მოზომილი სიფრთხილე და სკეპტიციზმი ევროკავშირში საქართველოს მიმართ. აკი ერთხმად აღნიშნავდნენ ევროდეპუტატები, რომ სასწორზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია იდო.

ისედაც ფრთხილ და ახლა უკვე პანდემიის გამო საკუთარ პრობლემებში ჩაძირულ ევროპას ნამდვილად მყარი არგუმენტი სჭირდება მისი საზღვრების გასაფართოებლად. ცხადია, რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხეები უმთავრესია, მაგრამ დემოკრატიული ინსტიტუტების სიმყარე, არჩევანის თავისუფლება, პლურალიზმი, ეს მაინც ის ქვაკუთხედი და კრიტერიუმია, რომლებზეც დემოკრატიული ქვეყნები არასდროს დახუჭავენ თვალს...

რუსეთის მხრიდან წარმოებულ დეზინფორმაციულ და პროპაგანდისტულ გარემოში, კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება სწორ კომუნიკაციას სტრატეგიულ პარტნიორებთან, ასევე, საერთო ინტერესებსა და ღირებულებებზე დაფუძნებულ ალიანსებს. სწორედ ასეთი ინიციატივით გამოდიან ევროპარლამენტარები და ექსპერტები, ისინი საქართველოს მოუწოდებენ, გააქტიურონ სტრატეგიული კომუნიკაცია, ამ მხრივ ერთ-ერთ იდეად სახელდება ანალიტიკური/კვლევითი ორგანიზაციის შექმნა ბრიუსელში, ასევე საქართველოს ინსტიტუციური ჩართვა ევროკავშირის სამთავრობოთაშორისო კონფერენციაში, Conference on the Future of Europe.

საქართველოს საკითხებზე ერთ-ერთმა წამყვანმა ევროდეპუტატმა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ანდრიუს კუბილიუსმა Europetime-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება მეტად ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაცია, როგორც ევროკავშირის ინსტიტუციებში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. იმისათვის, რომ ამ სამმა ქვეყანამ ერთობლივი ძალისხმევით შეძლონ ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარება, ერთ-ერთ იდეად შესაძლოა, განხილული იყოს ერთგვარი ანალიტიკური ცენტრის/პლატფორმის შექმნა, რომელიც ინსტიტუციურ, პოლიტიკურ, სამოქალაქო და ა.შ. წრეებთან თანამშრომლობით, ამ სამი ქვეყნის საგარეო მიზნებს დაუჭერს მხარს.

„ჩვენ, ჩვენი მხრივ ვცდილობთ, ვესაუბროთ დედაქალაქებს, ვცდილობთ, ორგანიზება გავუწიოთ გარკვეული სახის ქსელს - think-thank-თან, პოლიტიკურ საზოგადოებასთან, რომ ვისაუბროთ ახალ იდეებზე, რომ წინ წავიწიოთ დაამისთვის, უკრაინელებთან, ქართველებთან, მოლდოველებთან ერთად, ჩვენ გვჭირდება საერთო სამოქმედო გეგმა“, - აცხადებს ანდრიუს კუბილიუსი.

ანალიტიკოსი თეონა ლავრელაშვილი, რომელსაც ევროსტრუქტურებში მუშაობის საინტერესო გამოცდილება აქვს და ამჟამად ლუვენის უნივერსიტეტში პოლიტიკური პარტიების პროგრამას ხელმძღვანელობს, Europetime-თან ინტერვიუში ხაზს უსვამს საქართველოს მხრიდან ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობას.

მისი თქმით, საჭიროა დიპლომატიის ჰოლისტიკური სტრატეგია, რაც გულისხმობს პოლიტიკური, დიპლომატიურ და ინსტიტუციურ (მათ შორის აკადემიური/ არასამთავრობო) აქტორებთან თანამშრომლობის მეტ კოორდინაციას.

თეონა ლავრელაშვილს მიაჩნია, რომ უნდა გააქტიურდეს თანამშრომლობა ე.წ. think-tank-ებთან და სხვადასხვა ფონდთან და კარგი იქნებოდა, თუკი მართლაც შემუშავდება ხედვა, რომელიც განსაზღვრავს შესაძლებლობას, რომ ბრიუსელში ჩამოყალიბდეს ერთგვარი ცენტრი/ფონდი/think-tank, რომელიც იმუშავებს საქართველოს და/ან რეგიონის მიმართულებით (მსგავსი ფონდი/ორგანიზაცია მართლაც შეიძლება ჩამოაყალიბონ ტრიომ - საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ, რათა ერთობლივი ძალებით წარმოადგინონ ევროკავშირში ერთიანი პოზიციები, ეს პოლიტიკურად და ფინანსურად იქნებოდა სტრატეგიული ნაბიჯი).

ხოლო ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CEPS) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და მიმართულება „ევროპა მსოფლიოში“ ხელმძღვანელი სტივენ ბლოკმანსი ასევე მიესალმება აზრს, რომ კარგი იქნება, თუკი საქართველო ინსტიტუციურად ჩაერთვება „ევროპის მომავლის“ კონფერენციაში და დააფიქსირებს საკუთარ ხედვას ევროგაერთიანების მომავლის შესახებ.

მისი შეხედულებით, ეს ინიციატივა არამხოლოდ სტრატეგიულად არის მნიშვნელოვანი საქართველოს იმიჯისთვის ევროპის დონეზე¸ არამედ არის აგრეთვე შინაარსობრივად საინტერესო საქართველოს და მისი მოქალაქეებისათვის, რადგან მათ მიეცემათ შესაძლებლობა, ჩაერთონ ევროკავშირისათვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიმართულებების შექმნის და განვითარების პროცესში.