2 ნოემბერს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში 1000-ზე მეტი მომიტინგე კვლავ გამოვიდა ალექსანდერ ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით.
მომიტინგეებს შორის ბევრი პენსიონერი იყო. მათ ხელში ეკავათ ბელარუსის ისტორიული, თეთრი-წითელი-თეთრი დროშები, რაც ბელარუსის ოპოზიციის სიმბოლო გახდა.
"ლუკაშენკო! სასამართლო!"; "გამარჯვებამდე, ბოლომდე!" - გაიძახოდნენ მსვლელობის მონაწილეები.
პირველი ნოემბრისგან განსხვავებით, როდესაც მინსკში აქციაზე ასობით ადამიანი დააკავეს, 2 ნოემბრის აქციაზე დაკავების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
პირველ ნოემბერს სამართალდამცავებმა ათასობით მომიტინგის დასაშლელად გამოიყენეს ასაფეთქებელი საშუალებები, რეზინის ტყვიები. დააკავეს, დაახლოებით, 300 ადამიანი. ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციის წარმომადგენლის თქმით, დაკავებულებს შორის 4 ჟურნალისტია, მათგან 2 სასტიკად სცემეს.
საპროტესტო აქციები ბელარუსში ორი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი მეექვსე ვადით გახდა. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცეესკოს მონაცემების თანახმად სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 12 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
26 ოქტომბერს ბელარუსში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო. საყოველთაო გაფიცვის დაწყება ბელარუსის ოპოზიციონერმა ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ხელისუფლებამ "სახალხო ულტიმატუმი" არ შეასრულა.