ამირან გამყრელიძე: მაისში, დღიური აცრის 55 000-მდე გაზრდას ვგეგმავთ, 40-მდე ამცრელ კაბინეტს ვამატებთ

"გვინდა, რომ მომავალ კვირაში 40-მდე ამცრელი კაბინეტი დაემატოს, რათა მაისის თვეში დაახლოებით 55 000 დღიურ აცრამდე ავიდეთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

"ჩვენ ვაფართოებთ აცრის მასშტაბებს, გუშინ გვქონდა 3 846 აცრა, მათ შორის 2 000 იყო „სინოფარმზე“. რა თქმა უნდა, აქ „სინოვაკიც“ გარკვეულ პერიოდში ჩაერთვება აქტიურად, რადგან ისიც შედარებით ადვილად ადმინისტრირებადია, ანუ ერთდოზიან ფლაკონებშია, დანაკარგი არ გაქვს, ისიც ინახება +2 დან +8 გრადუსამდე და სხვადასხვა კვლევით, მისის ეფექტურობაც დაახლოებით 70 პროცენტს ზევითაა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, დაიწყება თუ არა „სინოვაკით“ ვაქცინაცია ავტორიზაციის მინიჭებამდე, ამაზე იმუნიზაციის საბჭო იმსჯელებს.

„სინოვაკის“ და „სინოფარმის“ დამზადების მეთოდოლოგია იგივენაირია. ინაქტივირებული ვირუსია, სხვადასხვა კომპანია უშვებს. ავტორიზაციის მინიჭებამდე „სინოვაკით“ ვაქცინაციას დავიწყებთ თუ არა, ეს იმუნიზაციის საბჭოს გადასაწყვეტია. მოგეხსენებათ, საკმაოდ გაინტენსიურდა მოთხოვნა ჩინურ ვაქცინაზე. დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 28 000-29 000-მდე ადამიანი იყო ჩაწერილი „სინოფარმზე“ და 7 000-მდე აცრილია ამ ვაქცინით. მომავალ კვირაში იქნება საბჭო და ვისმჯელებთ. ამავე დროს მოგეხსენებათ, რომ ეს დოკუმენტაცია ქართულად მზადდება, ბრძანებაში დამატება უნდა გაკეთდეს ქართულად, ასევე ამცრელ კაბინეტებს ინსტრუქციები ქართულად უნდა დაეგზავნოთ „სინოვაკთან“ დაკავშირებით, ანუ ერთი-ორი კვირა ეს მოსამზადებელი პერიოდი იქნება", - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი.