ქაბულში, სკოლასთან მომხდარი აფეთქებებისას დაღუპულთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა

BBC-ის ინფორმაციით, ავღანეთში, ქაბულში მდებარე ერთ-ერთი სკოლის მიმდებარედ მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა. თავდასხმის მსხვერპლებს უკვე კრძალავენ.

არსებული ინფორმაციით, სამი ბომბი მაშინ აფეთქდა, როცა მოსწავლეები სკოლის შენობას ტოვებდნენ. სამი ასაფეთქებელი მოწყობილობიდან ერთ-ერთი ავტომობილში იყო დამონტაჟებული. დაღუპულთა უმეტესობა გოგოა.

„დავინახე ქალი, რომელიც ცხედრებს შორის დადიოდა და საკუთარ ქალიშვილს ეძებდა. მან შვილის სისხლიანი ჩანთა იპოვა და გონებადაკარგული მიწაზე დაეცა“, - იხსენებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

მთავრობა მომხდარს „თალიბანს“ უკავშირებს, თუმცა დაჯგუფება თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს. თავდასხმა 8 მაისს მოხდა.