სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ენმ-ის ლიდერს, ნიკა მელიას გირაო 70 000 ლარამდე გაუზარდა და სხვა შეზღუდვების მოუხსნა.
პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდასა შეზღუდვების მოსხნის მოსხნას ითხოვდა. უწყებამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.
"მთავარია, შენს თავს არ უღალატო და თუ ჩვენ ჩვენს თავს არ ვუღალატებთ, სხვებსაც არ ვუღალატებთ და მე უბრალოდ აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას. გამორიცხული ამბავია. მე ამ სამაჯურს აღარ ვატარებ, იმიტომ, რომ ეს არის უსამართლობის სიმბოლო, ეს არის ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე აღარ შევიბამ, გამორიცხულია და ზუსტად ვიცი, ვიჯდები მე ციხეში, თუ ვიქნები თქვენთან ერთად ამ ბრძოლაში, ერი გაიმარჯვებს". – თქვა მაშინ ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას ამ გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურა ქართული ოცნების ლიდერი, ირაკლი კობახიძე, რომელმაც თქვა, რომ დაიჭერენ თუ არა ოპოზიციურ ლიდერს, ეს სამართალდამცავი უწყებების გადაწყვეტილებაა, თუმცა, ეს მას პოლიტიკურად სწორად არ მიაჩნია.
20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.
იმ დროს ენმ-ის დეპუტატს გამოძიება 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა.