სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო

ნიკა მელია საპატიმროს ევროკავშირის მიერ გირაოს თანხის გადახდის შემდეგ, დღეს დატოვებს. აღკვეთის ღონისძიება 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა. სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო და როგორც ადვოკატები აცხადებენ, ის ციხეს რამდენიმე წუთში დატოვებს.

სხდომას თავად ბრალდებილი არ ესწრებოდა.

თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" 8 მაისს გადასცა. ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს 9 მაისს მიმართა.

ის ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

ნიკა მელია 23 თებერვალს დილით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ შედგა შეთანხმების დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც პოლიტიკოსი პარლამენტის მიერ მიღებული „ამნისტიის კანონით“ უნდა გათავისუფლებულიყო.