სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაცია საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მიერ არჩეული გზაა

ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაცია საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მიერ არჩეული გზაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ქვეყნებს შორის ურთიერთობებში ისტორიული დღეა, რადგან საქართველოს პრეზიდენტი სკოპიეს ოფიციალური ვიზიტით პირველად ეწვია.

"საქართველოს და მაკედონიას უამრავი რამ აქვს საერთო. მათ შორის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაცია საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის არჩეული გზაა. იმ მიზნით, რომ ამ მიმართულებით წარმატებას მივაღწიოთ, ჩვენ ვაფასებთ ჩრდილოეთ მაკედონიის მზადყოფნას, გაგვიზიაროს თავისი გამოცდილება. დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ასევე სამაგალითოა საქართველოსთვის", - განაცხადა ზურაბიშვილმა.