ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი - მხარს ვუჭერთ საქართველოს უფლებას, დაამყაროს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა NATO-სთან

გასული ათწლეულების განმავლობაში, ჩვენ პერიოდულად ვთანამშრომლობდით საერთაშორისო ორგანიზაციებში, დადგა დრო, გავზარდოთ ჩვენი ურთიერთობები საერთაშორისო ფორუმებიდან უმაღლეს დონემდე, – ამის შესახებ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სტევო პენდაროვსკმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობის განვითარების საკითხები განიხილეს.

„დღეს ჩვენ გვაქვს პატივი, მივესალმოთ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ეს პირველი, ისტორიული ვიზიტია უმაღლეს დონეზე, 2019 წლის 16 თებერვალს, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ.

სიმბოლურად ჩვენ დაკავშირებული ვართ ძალიან მნიშვნელოვანი იუბილით. წელს, ჩრდილოეთ მაკედონია და საქართველო დამოუკიდებლობის 30 წელს აღნიშნავს. ჩვენ დამოუკიდებლობის მიღებიდან, საქართველო კი, აღდგენიდან.

ასევე გასული ათწლეულების განმავლობაში, ჩვენ პერიოდულად ვთანამშრომლობდით საერთაშორისო ორგანიზაციებში. დადგა დრო, გავზარდოთ ჩვენი ურთიერთობები საერთაშორისო ფორუმებიდან, უმაღლეს დონემდე.

დღეს ქალბატონ ზურაბიშვილთან განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის წინსვლა უახლოეს მომავალში. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი და მტკიცე საფუძველი ჩავუყაროთ ორმხრივ ურთიერთობებს, ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი სამართლებრივი ჩარჩოს რეგულირება და ხელშეწყობაა.

ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს ძალიან მდიდარი ბუნებრივი და კულტურული ისტორიული მემკვიდრეობა გააჩნიათ. აქედან მნიშვენლოვანი დოკუმენტები, რომლებსაც ხელი მოვაწერეთ, ერთი – სავიზო რეჟიმის გაუქმებაა, რათა გამარტივდეს ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს მოქალაქეების მოგზაურობა. მეორე დოკუმენტი კულტურის სფეროში მემორანდუმია, ჩვენსა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროებს შორის.

ეს ორი დოკუმენტი უნდა გახდეს სამართლებრივი საფუძველი ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარებისა და საერთო კულტურული თანამშრომლობისთვის. ჩვენი შეთანხმებები პროცესშია“, – განაცხადა სტევო პენდაროვსკმა.

მან მოუწოდა ბიზნესმენებს ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოში, დაამყარონ კონტაქტები და იმუშავონ ბიზნესპარტნიორობაზე.

„მინდა, მოვუწოდო ბიზნესმენებს ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოში, დაამყარონ კონტაქტები და იმუშაონ ბიზნესპარტნიორობაზე ორმხრივი სარგებლისთვის.

დღეს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და მე გავცვალეთ შეხედულებები ჩვენს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებით და ევროპის კონტინენტის სტაბილურობის, უსაფრთხოების კონტექსტში.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ტერიტორიულად პატარა ქვეყნები ვართ და სხვადასხვა რეგიონული მდებარეობა გვაქვს, გვაქვს საერთო სტრატეგიული, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები“, – განაცხადა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სტევო პენდაროვსკმა.

სტევო პენდაროვსკის განმარტებით, როგორც ნატო-ს წევრი, მხარს უჭერენ საქართველოს უფლებას, დაამყაროს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა ალიანსთან.

„ქართველი ხალხის სუვერენული არჩევანია და ამ თვალსაზრისით ჩვენ მზად ვართ, გავაღრმავოთ თანამშრომლობა პარტნიორულ მექანიზმებში. ამავდროულად, როგორც როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამავდროულად, მხარს ვუჭერთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს, რომელიც ერთადერთი მექანიზმია, სადაც ყველა მხარეა ჩართული გადაუჭრელი შიდა კონფლიქტის პროცესში წარმოქმნილი გამოწვევების აღმოსაფხვრელად“, – განაცხადა სტევო პენდაროვსკმა.