შსს: ასპინძის მუნიციპალიტეტში მწყემსმა მწყემსი მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზმარეთის მიმდებარე ტერიტორიაზე 60 წლის კაცმა, რომელიც არსებულ ფერმაში მწყემსად მუშაობს, ურთიერთშელაპარაკებისას, ამავე ფერმაში მომუშავე 38 წლის მწყემსი სასიკვდილოდ დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

"ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული ვ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზმარეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ფერმაში მწყემსად მუშაობს, ურთიერთშელაპარაკებისას, ამავე ფერმაში მომუშავე მწყემსს - 1983 წელს დაბადებულ ს.ს.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა.

დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მწყემსი მომხდარიდან მალევე, ასპინძის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.