"მინდა გათავისუფლება ვუსურვო ყველა პატიმარს, განურჩევლად იმისა, თუ რა სასჯელს იხდიან ისინი ციხეში", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საპატიმრო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მან საერთაშორისო პარტნიორებს და ელჩებს მისი გათავისუფლების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
"ყველა ადამიანს მოსდის ცხოვრებაში შეცდომა. საქართველოს ყველა ციხეში მიყურებს ახლა ბევრი პატიმარი და მათ ვუსურვებ ადრე გათავისუფლებას და საკუთარ ოჯახის წევრებთან დაბრუნებას, მიუხედავად იმისა, პოლიტიკური ნიშნით არიან ისინი დაპატიმრებული, თუ არა. თუმცა, ამ ციხეში, რომელშიც გახლდით, ძალიან ბევრი პოლიტიკური პატიმარია და განსაკუთრებით მათ ვუსურვებ გათავისუფლებას.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს, ვინც გულით გულშემატკივრობდა და გულშემატკივრობს ქვეყანაში სტაბილურობას. არა მძიმე სტაბილურობას, არამედ, ნორმალური ცხოვრების ფარგლებში სტაბილურობას.
განსაკუთრების ხაზგასასმელია ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის ღვაწლი და მონდომება, ძალისხმევა ამ პროცესში. მადლობას ვუხდი მას როგორც დიპლომატს, როგორც ადამიანს. ამას აქვს თავისი მიზეზები, რატომაც ვუსვამ ამას ხაზს. ამიტომ ხაზგასმით მინდა მადლობა გადავუხადო მას.
ბუნებრივია, მადლობა ეკუთვნის პრეზიდენტ მიშელსაც, იმ კონტრიბუციისთვის, რომელიც შეაქვს მას ამ ნიშვნელოვან პროცესში.
რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი ამერიკის შეერთებუილი შტატების ელჩს.
თუმცა, გასაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ზიგიმანტას პავილიონისს. ეს არის ადამიანი, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელმაც, გადაჭარბების გარეშე, გამოაღვიძა საერთაშორისო საზოგადოება და მაშინ, როდესაც ალბათ, ყველაზე მეტად მიჭირდა, ჩამოფრინდა ლიეტუვიდან საქართველოში და მოვიდა "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში, ერთი სოლიდარობის გამოსაცხადებლად და ამის მერე უზარმაზარი შრომა გასწია, რომ შემდეგში საერთაშორისო საზოგადოების სწორი რეაქცია ყოფილიყო 23 თებერვლის შემდეგ. რომ არა ბატონი პავილიონისი, არამგონია ეს შედეგი დამდგარიყო, რომელიც დადგა. ვგულისხმობ გამოხმაურებას ჩვენი საერთაშორისო მეგობრების მხრიდან", - განაცხადა ნიკა მელიამ .