ამერიკული კომპანია Eachnight-ი მოხალისეებს ძილში 1 500 დოლარს გადაუხდის

ამერიკული კომპანია Eachnight-ი, რომელიც სწორი ძილის შესახებ რჩევებს აქვეყნებს, ექსპერიმენტში მონაწილეებს, 30 დღის განმავლობაში, დღისით დაძინებისთვის 1 500 დოლარს გადაუხდის. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიაზე დაყრდნობით, CNN-ი ავრცელებს.

ექსპერიმენტის მიზანია "რამდენიმე თეორიის შემოწმება დღისით ძილის სარგებლის შესახებ". ექსპერიმენტმა უნდა დაადგინოს დღისით ძილის დადებითი და უარყოფითი მხარეები და მისი ზეგავლენა მეხსიერებაზე, მოტივაციასა თუ პროდუქტიულობაზე.

"30 დღის განმავლობაში ჩვენი მოხალისეები სხვადასხვა თეორიის ტესტირებაში მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის დაადგენ რამდენსაათიანი ძილია საჭირო დასვენებისთვის, რა გავლენა აქვს დღისით ძილს მეხსიერებაზე, მოტივაციასა და პროდუქტიულობაზე", - აცხადებენ კომპანიაში.

ექსპერიმენტში მონაწილეობა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ. თუმცა, მათ კარგად უნდა იცოდნენ ინგლისური, რათა კომპანიას თავისი ძილის შესახებ სწორი ინფორმაცია მიაწოდონ.

აპლიკანტის ასაკი 18 წელს უნდა აღემატებოდეს.

განაცხადის შევსება 31 მაისის ჩათვლით კომპანიის ვებგვერდზე არის შესაძლებელი.