პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დღეს იმსჯელებს

გახანგრძლივდება თუ არა ქვეყანაში უქმე დღეები და მასთან დაკავშირებული შეზღუდვები, - პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, უქმე დღეებისა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების შენარჩუნების მიზეზი, შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირების მზარდი დადებითობის მაჩვენებელი იყოს.

"დღემდე ვახერხებთ იმას, რომ სერიოზული შეზღუდვების გარეშე ვაკონტროლოთ სიტუაცია. მესამე ტალღაა და მას ახასიათებს დადებითობის უფრო მაღალი მაჩვენებელი. პარალელურად მთავარია, რომ წავახალისოთ ვაქცინაცია. თქვენ იცით, რომ ტურიზმის ინდუსტრია ვაქცინაციის თვალსაზრისით პრიორიტეტულია. დავიწყეთ განაცხადების მიღება. საკმაოდ კარგად მიდის პროცესი, აქტიურად ერთვებიან ტურისტული ობიექტები და მე თავადაც, ამ დღეებში, მათთან ერთად ვგეგმავ ვაქცინაციას", - განაცხადა ნათია თურნავამ.