რუმინეთში, "დრაკულას" სასახლეში ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა

რუმინეთში, ბრანის ციხესიმაგრეში ( Bran Castle), რომელიც, სავარაუდოდ, "დრაკულას" სახლის ინსპირაციაა, ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა.

გავრცელებული ინფორმაციით, დრაკულას სასახლეში მისულებს ვაქცინაცია Pfizer-ის ვაქცინით ჩაუტარდებათ. ამასთან, თითოეული ვაქცინირებული პირი სპეციალურ Bran Castle-ის ვაქცინაციის დიპლომს მიიღებს.

ამასთან, ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ ვაქცინაციის ცენტრში შესვლა თავად ციხესიმაგრის უფასოდ დათვალიერების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, თუმცა ვაქცინაციაზე მისული ადამიანები უფასოდ შძელებენ ე.წ "წამების ოთახის" დათვალიერებას.

"დიპლომის გარდა, ადამიანები უფასოდ დაათვალიერებენ ციხის წამების ოთახებს, სადაც შუასაუკუნეების წამების 52 ინსტრუმენტია”, - აღნიშნა ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

ბრანის სასახლეში ვაქცინაციის ცენტრის გახსნით მთავრობა აცრის პოპულარიზაციას ცდილობს, რადგან გამოკითხვების თანახმად, რუმინელების 50% აცხადებს, რომ ვაქცინის გაკეთებისგან თავს შეიკავებს. ეს კი ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ამასთან, სასახლის თანამშრომლები იმედოვნებენ, რომ გადაწყვეტილება რეგიონში მეტ ტურისტს მოიზიდავს.