ვაქცინაციის საბჭო დღეს ვაქცინაციის პროცესის წახალისების საკითხზე იმსჯელებს. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"კარგია, რომ ბოლო პერიოდში ვხედავთ ძალიან მაღალ აქტივობას აცრებზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რაც მიუთითებს იმას, რომ უკვე აცრის სარგებელი ყოველგვარი სტიმულის გარეშე მოსახლეობისთვის უფრო მეტად გასაგებია და ამ ჩართულობის გააქტიურებას მეტად ველოდებით.
რაც შეეხება წახალისებას, წახალისების სხვადასხვა მექანიზმი ევროპის ქვეყნებშიც მოქმედებს, აშშ-ში აქტიურად იყენებენ ამ მექანიზმებს. ჩვენ დღეს ვაპირებთ ამ საკითხზე კიდევ დამატებით მსჯელობას ვაქცინაციის ექსპერტების საბჭოსთან, რადგან წახალისების დაწესების შემთხვევაში მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მთელი რიგი ეთიკური ასპექტები, რომ ეს არ იყოს დისკრიმინაციული, არ იყოს იმდენად მაღალი მონეტარული სარგებლის მატარებელი, რომ ამან რაღაცნაირად შეზღუდოს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა. მთელი ეს საკითხები დამუშავებული იქნება. ვფიქრობ, მაისის ბოლოსთვის უფრო კონკრეტული პაკეტი გვექნება იმისთვის, რა შემთხვევაში და როგორ გამოვიყენოთ წახალისება“,-განაცხადა გაბუნიამ.