ირაკლი ღარიბაშვილი 12 მაისს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 12 მაისს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილს სომხეთის რესპუბლიკის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რომლის შემდეგ გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართება.

"შეხვედრების დასრულების შემდეგ, დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის ერთობლივი მიმართვა პრესისადმი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, ერევანში მიემგზავრება ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი", - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.