როდის დაიწყება საქართველოში Sinovac-ით ვაქცინაცია

მაღალი საჭიროებიდან გამომდინარე, იმუნიზაციის საბჭომ და ვაქცინაციის გაფართოებულმა საბჭომ მხარი დაუჭირეს Sinovac-ით ვაქცინაციის პროცესის დაწყებას მანამ, სანამ პრეპარატი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს, - ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განუცხადა.

გაბუნიას თქმით, საბჭო მთავრობასთან ამ საკითხის განხილვის რეკომენდაციით შედის იმისთვის, რათა ვაქცინაციის პროგრამა საქართველოში Sinovac-ით გაფართოვდეს:

"Sinovac-ის 100 000 დოზა ქვეყანამ მიიღო დონაციის სახით ჩინეთის მთავრობიდან. ჯერჯერობით Sinovac-ის გამოყენება არ ხდება, რადგან დათქმა, რა პირობითაც Sinovac-ი შემოვიდა, იყო მოლოდინი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის.

ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ არის Sinovac-თან მიმართებაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან, თუმცა სტრატეგიული ექსპერტების ჯგუფის შუალედური ძალიან კარგი და დადებითი დასკვნაა Sinovac-ის შედეგების შესახებ, რომლის საფუძველზეც გამომდინარე იქედან, რომ საჭიროება მაღალია, იმუნიზაციის საბჭომ, ასევე ვაქცინაციის გაფართოებულმა საბჭომ ორივემ მხარი დაუჭირა მთავრობასთან ამ საკითხის განხილვას Sinovac-ის შედარებით ადრეული გამოყენების შესახებ, ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია დასრულდება, ვფიქრობ, რომ ეს მოხდება თვის ბოლოსთვის", - განაცხადა გაბუნიამ.