ქართველი პიანისტი პორტუგალიაში კონცერტს გამართავს

ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი პორტუგალიაში, ალგარვიში კონცერტს გამართავს. პორტუგალიური მედია წერს, რომ ბახის, ბეთჰოვენის, შოპენის, ლისტის, პროკოფიევისა და შუმანის ნამუშევრების გადმოცემის უნარმა, რომელსაც ქართველი პიანისტი ფლობს, მთელ მსოფლიოში განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

„გასაოცრად ვირტუოზული და ძლიერი“, - ეს კრიტიკოს ჰარის გოლდსმიტის სიტყვებია ქართველ პიანისტზე. გერმანიაში მოღვაწე ქართველი პიანისტის სადებიუტო დისკი ბავარიის რადიომ ჩაწერა. გასულ წელს, მისი დებიუტი ბერლინის ფილარმონიაში შედგა. პიანისტმა რახმანინოვის მესამე საფორტეპიანო კონცერტი პირველად მიუნჰენში შეასრულა.

2007 წლის ნოემბერში, ქართველმა პიანისტმა კონცერტი ნიუ-იორკის Carnegie Hall-ში ჩაატარა. დუდანა მაზმანიშვილი თბილისის საფორტეპიანო ფესტივალის დამფუძნებელია.

„დუდანა მაზმანიშვილი თბილისში, 1980 წელს დაიბადა. ფორტეპიანოს პირველი გაკვეთილი მან დედისგან მოისმინა, როდესაც მხოლოდ სამი წლის იყო. სამი წლის შემდეგ დუდანა თბილისის ბავშვთა ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში მიიღეს, შემდეგ სწავლა მიუნხენსა და ნიუ-იორკში განაგრძო“, - წერს პორტუგალიური მედია.