ცნობილია, შესრულდება თუ არა თბილისიდან ისრაელში დაგეგმილი ავიარეისები

ისრაელში მიმდინარე პროცესების მიუხედავად, ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტმა რეისების მიღება განაახლა და დღეს, თბილისიდან თელ-ავივის მიმართულებით 19:00 საათზე დანიშნული "Georgian Airways" რეისი შესრულდება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათ ჰქონდათ კომუნიკაცია ისრაელში და რეისი დაგეგმილად შესრულდება.

"დღეის მდგომარეობით, ბენ გურიონის აეროპორტი არის გახსნილი და ჩვენ, "Georgian Airways" შევასრულებთ ჩვენს რეისს თბილისი-თელავივი-თბილისი. 19:10 საათზე მიფრინავს ჩვენი თვითმფრინავი. აქედან მიჰყავს 19 მოქალაქე, იქიდან კი 166 მოქალაქე ჩამოფრინდება," - აცხადებს "Georgian Airways" -ის" გენერალური დირექტორი რომან ბოკერია.

ამასთანავე, დღესვე, "ISRAIR AIRLINES"-ი თელ-ავივი ბათუმის მიმართულებითაც შეასრულებს რეისს.

როგორც აეროპორტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განგრიგშია აღნიშნული, ფრენა სავარაუდოდ 19:00 საათზე შესრულდება, თუმცა შესაძლოა შეიცვალოს.

ცნობისთვის, გუშინ, ისრაელში სარაკეტო დარტყმების გამო, დავიდ ბენ გურიონის აეროპორტმა ფრენები შეაჩერა.