რუსეთი აშშ-ის საელჩოს პრესმდივანს ქვეყნიდან აძევებს

რუსეთი აშშ-ს საელჩოს პრესმდივანს, რებეკა როსს ქვეყნიდან აძევებს. ამის შესახებ თავად როსმა რუსულ სამთავრობო მედიას დაუდასტურა.

როგორც რებეკა როსმა განაცხადა, ის არის იმ 10 ამერიკელი დიპლომატის სიაში, რომლებიც რუსეთში პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული.

"როსმა დადებითად უპასუხა შესაბამის კითხვას", - ნათქვამია ინფორმაციაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, რებეკა როსის შემთხვევაში, საუბარია სარკისებურ რეაგირებაზე შეერთებული შტატების ქმედებებზე.

მისი თქმით, ექვს თვეზე მეტია აშშ-მ არ მისცა რუსეთს უფლება ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს პრესმდივნი დანიშნოს.

"არ უშვებენ ვაშინგტონში ადამიანს, რომელიც ჩვენი დიპლომატიური მისიის პრესმდივნის პოსტზე დავნიშნეთ, ამასთან ყოველგვარი მიზეზის ახსნის გარეშე. საუბარია დიპლომატზე, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება, ის იკავებდა ანალოგიურ თანამდებობას რუსეთის ფედერაციის სხვა ორ საელჩოში. აშშ-მ კი უბრალოდ დააბრუნა ამ ადამიანის მიერ ვიზის განაცხადზე შეტანილი დოკუმენტები და უარის მიზეზზე კომენტარიც კი არ გაუკეთებია. ასე რომ ეს არ არის რუსული ინიციატივა." - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ 15 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების შესახებ. კერძოდ, შეერთებულმა შტატებმა გააძევა ვაშინგტონში რუსეთის საელჩოში მომუშავე 10 დიპლომატი, რომელთა შორის, ამერიკული მხარის განცხადებით, არიან "რუსეთის სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლები". ამის საპასუხოდ მოსკოვმა რუსეთში აშშ-ის საელჩოს 10 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. მათ უნდა დატოვონ რუსეთის ფედერაციის ტერიტორია 21 მაისის დღის ბოლოს.