ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მომხრე და ასე  გაგრძელდება

„საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მომხრე და ეს კურსი მომავალშიც გაგრძელდება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ერევანში ოფიციალური ვიზიტისას, მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩემთვის სასიხარულოა მორიგი სტუმრობა სომხეთის რესპუბლიკაში. ჩვენს ქვეყნებს აკავშირებთ მრავალსაუკუნოვანი ისტორიულ-მეგობრული ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლო თანამშრომლობაც სწორედ ამ სულისკვეთებით გაგრძელდება.

საქართველო და სომხეთი გამორჩეულია დიდი ისტორიით, თვითმყოფადი კულტურით და საინტერესო ტრადიციებით. სწორედ ამ ფასეულობებზე უნდა აშენდეს ჩვენი ქვეყნების მომავალიც, რომელსაც ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, დემოკრატია, ღია და გამჭირვალე მმართველობა, ეკონომიკური პროგრესი და ინოვაციები განამტკიცებს. ვთანხმდებით, რომ ეს ყველაფერი მიიღწევა მხოლოდ მშვიდობის და რეგიონული სტაბილურობის პირობებში.

ერთის მხრივ, კოვიდ-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ და მეორეს მხრივ, ომმა ყარაბაღში, მნიშვნელოვანი სირთულეების წინაშე დააყენა მთელი რეგიონი. ვფიქრობთ, რომ მშვიდობას, მოლაპარაკებებს, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.

საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მომხრე და ეს კურსი მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ ვართ მზად, რომ ხელი შევუწყოთ რეგიონული დიალოგის წარმართვას ისეთ საკითხებში, როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, კულტურა, სხვა ჰუმანიტარული საკითხები. სწორედ სტაბილურობის, მშვიდობის, დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცების მიზნით აირჩია ქართველმა ხალხმა ევროპული და ევროატლანტიკური გზა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.