COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების ფარგლებში იტალიაში კომენდანტის საათი გამოცხადდა

იტალიის მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი გამოაცხადა. შესაბამის განკარგულებას ხელი ქვეყნის პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ მოაწერა. კომენდანტის საათი ყოველ დღე 22:00 საათიდან 5:00-მდე იმოქმედებს.

გარდა ამისა, ქვეყანაში დაიხურა მუზეუმები, სკოლებში უფროსკლასელები სწავლას დისტანციურად გააგრძელებენ. სავაჭრო ცენტრები შაბათ-კვირას არ იმუშავებს.

ქვეყნის რეგიონები რისკის სამ ზონად დაიყოფა: დაბალი, საშუალო და მაღალი. მაღალი რისკის ზონებში დამატებითი შეზღუდვები იმოქმედებს, მათ შორის, რეგიონებს შორის გადაადგილების შეზღუდვა.

ახალი შეზღუდვები ძალაში 4 ნოემბერს შედის და სულ მცირე ერთი თვე გაგრძელდება.

კორონავირუსით დაავადების შემთხვევების ზრდის გამო იტალიაში შეზღუდვები გასულ კვირასაც გამკაცრდა. დაიხურა საცურაო აუზები, სპორტული დარბაზები და კინოთეატრები. გარდა ამისა, საღამოს 6 საათიდან იხურება ბარები და რესტორნები.

პანდემიის დაწყებიდან იტალიაში ვირუსით დაავადდა 759 829 ადამიანი, გარდაიცვალა - 39 412.