ზაალ უდუმაშვილი: დღეს არსებული მოცემულობით, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უნდა შევიდეს

პირადად ჩემი პოზიციაა, რომ დღეს არსებული მოცემულობით "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უნდა შევიდეს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი მოცემულობით აღარ არის ერთპარტიული პარლამენტი, რომელზეც ოპოზიცია ამბობდა, რომ მათი ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი ამ ბრძოლაში სწორედ ის იყო, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰყავდა ერთპარტიული პარლამენტი.

„პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს. სავარაუდოდ, კიდევ გაგრძელდება კონსულტაციები და 1-2 დღეში არ დასრულდება...

არ არის გამორცხული, რომ პარლამენტს გარეთ მყოფმა პარტიამაც სერიოზულად იმუშაოს და მოიპოვოს სერიოზული მხარდაჭერა, მაგრამ ამ მოცემულობაში, რომელიც დღეს შეიქმნა ქვეყანაში, იმის შემდეგ, როცა გარკვეული პარტიების მიერ გაფორმდა შეთანხმების დოკუმენტი და დღეს უკვე აღარ გვავქს ერთპარტიული პარლამენტი. მე ვთვლი, რომ დღეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლის შესახებ, თუმცა ეს ჩემიი პირადი პოზიციაა".- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ 15 მაისს დაგეგმილ აქციის გამართვას, როგორც ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, ჯერ არ არის გადაწყვეტილება მიღებული გაიმართება თუ არა აქცია, თუმცა მისი პირადი მოსაზრებაა, რომ 15 მაისის აქცია უნდა გადაიდოს.