2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა 1 თვით გაუხანგრძლივდა

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა ერთი თვით გაუხანგრძლივდა.

შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა მიიღო და მუშაობის ვადა 17 მაისიდან 1 თვის ვადით გახანგრძლივდა.

საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების გახანგრძლივებას მხარი 75 დეპუტატმა დაუჭირა , წინააღმდეგ კი პარლამენტის 2 წევრი გამოვიდა.

"ვითვალისწინებთ რა რომ ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი შეუერთდა საპარლამენტო საქმიანობას, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია კომისიის საქმიანობის მანდატის გახანგრძლივება და მასში ოპოზიციასთან ერთად საქმიანობის განხორციელება... მოვუწოდებთ ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს, რომ ამ პროცესში და ამ საქმიანობაში მონაწილება მიიღო", - თქვა საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, "ქართული ოცნების" წევრმა, გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების 3-თვიანი ვადა 17 მაისს ეწურებოდა. კომისიამ პირველი საორგანიზაციო სხდომა დღეს გამართა.