თავდაცვის მინისტრი: წლის ბოლომდე საჰაერო თავდაცვის მოდერნიზებულ სისტემებს მივიღებთ

თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლომდე ქვეყანა საჰაერო თავდაცვის მოდერნიზებულ სისტემებს მიიღებს. ამის შესახებ მან საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებისას განაცხადა.

ბურჭულაძემ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით უწყებაში მიმდინარე პროცესები კანონმდებლებს გააცნო.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენის კონტექსტში ისრაელის უმსხვილეს სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან აქტიურ მუშაობაზე.

„მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ მივიღებთ საჰაერო თავდაცვის „რაფაელის“ მოდერნიზებულ სისტემას. ასევე, დაგეგმილია თანამედროვე გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსის შესყიდვა, რითიც სამანევრო ქვედანაყოფები აღიჭურვება. ეს, ბუნებრივია, საქართველოს თავდაცვის ძალების ტაქტიკურ ქვედანაყოფებს უფრო ეფექტიანს გახდის“.

არსებული სისტემების მოდერნიზაციის მიმართულებით კი, ჯუანშერ ბურჭულაძემ ფრანგული კონტრაქტის შესახებ ისაუბრა, რომლის მეორე ფაზაც მიმდინარე წელს დასრულდება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კონტრაქტის ფარგლებში თავდაცვის ძალებს უკვე აქვს ფრანგული წარმოების საჰაერო თვალთვალის რადარები, მობილური საკომანდო პუნქტი და „მისტრალი-3“ ტიპის რაკეტები საცეცხლე მანქანებით.

„დავნერგავთ თანამედროვე მართვის, კონტროლისა და კომუნიკაციის (C3) სისტემას, რაც ხელს შეუწყობს მომავალში ნატო-ში ერთიანი მართვისა და კონტროლის სისტემაში ინტეგრაციას“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებზე საუბრისას.