იგეგმება თუ არა ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია? - დავით ზალკალიანის კომენტარი

ამ ეტაპზე ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი არ დგას, ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც გუშინ ისრაელში მცირედ დაშავდა, საავადმყოფოდან უკვე გაეწერა.

"საელჩო გადასულია 24 საათიან მუშაობის რეჟიმზე და მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს თანამოქალაქეებთან. გუშინ ვთქვი, რომ ისრაელში ერთმა ჩვენმა მოქალაქემ მცირე დაზიანება მიიღო, ის უკვე გაწერილია საავადმყოფოდან და მასთან მუდმივ კავშირზეა ჩვენი საელჩო.

უნდა აღვნიშნო, რომ ამ ეტაპზე ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი არ დგას, ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ" - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში ისევ უკიდურესად დაძაბული ვითარებაა. ისრაელ-პალესტინას შორის დაპირისპირება გრძელდება და იზრდება მსხვერპლი.