აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ახალ გაიდლაინის მიხედვით, სრულად ვაქცინირებულებს შეუძლიათ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდნენ.
როგორც გამოცემა The Hill-ი CDC-ზე დაყრდნობით წერს, თუ პირი სრულად აცრილია, მას არ სჭირდება პირდაბის ტარება შენობაში ან გარეთ, ასევე ფიზიკური დისტანციის რეგულაციის დაცვა.
„მეცნიერება მკაფიოა ამ საკითხზე: თუ თქვენ სრულად ხართ აცრილი, თქვენ დაცული ხართ და შეგიძლიათ დაიწყოთ ისეთი საქმის გაკეთება, რისი გაკეთებაც პანდემიის გამო შეწყვიტეთ”, - განაცხადა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა, როშელ ვალენსკიმ.
აღსანიშნავია, რომ ახალი გაიდლაინი არ ვრცელდება ჯანდაცვის დაწესებულებებზე, გამოსასწორებელ დაწესებულებებსა და უსახლკაროთა თავშესაფრებზე.
გარდა ამისა, სრულად ვაქცინირებულმა პირებმა კვლავ უნდა ატარონ პირბადე, თუ ამას მოითხოვს კანონი, რეგულაციები და წესები, მათ შორის თვითმფრინავებში, მატარებლებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
ასევე, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმაც განმარტა, რა შემთხვევაში უნდა ატარონ ვაქცინირებულმა პირებმა პირბადე.
„ჩვენ უნდა განვახორციელოთ ეს გადასვლა. თუ ვაქცინირებული ხართ, გარეთ პირბადის ტარება საჭირო არ არის. თუ თქვენ ხალხმრავალ ადგილას იმყოფებით, სადაც ხალხის დიდი გროვაა, მაშინ პირბადე უნდა გაიკეთოთ. ნებისმიერ სხვა დროს, თუ ვაქცინირებული ხართ და გარეთ იმყოფებით, გვერდზე გადადეთ თქვენი პირბადე. მისი ტარება არ გჭირდებათ“, - აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.