განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ერთი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ა., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს“, - ნათქვამია განცხადებაში.