ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე, თბილისის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლებში ხვალიდან ადგილზე მუშაობა დროებით შეჩერდება.
თბილისის მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას განცხადებით, აღნიშნულ პერიოდში გარკვეულ სახელოვნებო დარგებში სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება. იმ დარგებში კი, სადაც დისტანციური სწავლება პრობლემას წარმოადგენს, საგანმანათლებლო პროცესი დროებით შეჩერდება.
„დაინტერესებულმა პირებმა, სწავლების ფორმის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, სახელოვნებო სკოლების ადმინისტრაციას უნდა მიმართონ. სახელოვნებო სკოლებში მუშაობა განახლდება მაშინ, როცა საკოორდინაციო საბჭო და ეპიდემიოლოგები შესაბამის რეკომენდაციას გასცემენ“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.