საქსტატი: საარსებო მინიმუმი გაიზარდა

აპრილში "შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი" წინა წელთან შედარებით 3,2 ლარით გაიზარდა და 202,8 ლარით განისაზღვრა - ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს.

კვლევაში, ასევე, აღნიშნულია, რომ აპრილის თვეში "საშუალო მომხმარებლის" საარსებო მინიმუმი წინა წელთან შედარებით 2,8 ლარით გაიზარდა და 179,6 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის მარტის თვესთან შედარებას, აპრილში, წინა თვესთან შედარებით, არსებობისთვის საჭირო მინიმალური თანხის ოდენობა "შრომისუნარიანი მამაკაცისთვის" 1,8 ლარით, ხოლო "საშუალო მომხმარებლისთვის" 1,5 ლარით არის გაზრდილი.

ცნობისთვის, საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს 2004 წლიდან იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ანგარიშობს, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.