ისრაელის ელჩი: ძნელია იმის პროგნოზირება, როგორ და როდის დასრულდება კონფლიქტი

სამწუხაროდ, ძნელია იმის პროგნოზირება, როგორ და როდის დასრულდება კონფლიქტი, - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, რან გიდორმა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ განაცხადა.

ელშის შეფასებით, „ჰამასი“ გაჩერდება მაშინ, როდესაც პალესტინელებისგან მხარდაჭერას ვეღარ იგრძნობს.

„ჰამასთან“ წინა სამი ომის გამოცდილებიდან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაშინ წყნარდება სიტუაცია, როდესაც „ჰამასი“ მიიღებს საკმარის ზიანს, საკმარის დარტყმას, როდესაც ის მზად იქნება კომპრომისისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც დიდი ზიანი მოგვადგა, ისრაელი გაცილებით ძლიერია, ვიდრე „ჰამასი“ და პალესტინის მხარე მეტად ზარალდება ხოლმე მსგავსი კონფლიქტების დროს. ასე რომ, როდესაც „ ჰამასი“ ნამდვილად იგრძნობს, რომ მას აღარ აქვს პალესტინელების მხარდაჭერა, რადგან სწორედ მათ გამო ზიანდება, მაშინ გაჩერდება. უკვე მიმდინარეობს საერთაშორისო მედიაცია, რომელსაც სათავეში უდგას ეგვიპტე, ისევე როგორც წინა სამი ომის დროს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს კომპრომისი და შეთანხმება დადგება მალე“, - აღნიშნა რან გიდორმა „დილის საუბრებში“.