ჯო ბაიდენი ამერიკის არჩევნებში თავს გამარჯვებულად ჯერ არ აცხადებს, თუმცა იმედოვნებს, რომ ხმების დათვლის შემდეგ სწორედ ის გაიმარჯვებს.
ჯო ბაიდენმა მიმართვისას განაცხადა, რომ „რესპუბლიკელები“ იწყებენ სამართლებრივ დავებს ზოგიერთ მნიშვნელოვან შტატში, ამიტომ ყველა ხმა უნდა იყოს დათვლილი.
„არავინ აპირებს ჩვენი დემოკრატიის წართმევას. როდესაც გავიმარჯვებთ, არ იქნება წითელი და ცისფერი შტატები. უბრალოდ იქნება ამერიკის შეერთებული შტატები“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მიჩიგანის შტატში ხმების დათვლის შეჩერებას ითხოვს. ვისკონსინის შტატში კი ხმების ხელახლა გადათვლა მოითხოვა. დონალდ ტრამპი არჩევნებში თაღლითობაზე მიანიშნებს და აცხადებს, რომ აშშ-ის უზენაეს სასამართლოს მიმართავს.
არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა კოლეგიის სულ მცირე 270 წევრის ხმა უნდა მოიპოვოს. ამ დროისთვის ჯო ბაიდენს 243 ხმა აქვს, დონალდ ტრამპს - 214.