ჯანმო ვაქცინების დიდი მარაგის მქონე ქვეყნებს ახალი რეკომენდაციით მიმართავს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მდიდარმა ქვეყნებმა ბავშვების ვაქცინაციის დაწყების ნაცვლად დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებს ვაქცინები უნდა მიაწოდონ.

მისივე თქმით, დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებმა ვაქცინების მხოლოდ 0.3% მიიღეს.

„ზოგიერთ მდიდარ ქვეყანაში, რომლებსაც ვაქცინების მარაგის დიდი რაოდენობა აქვთ, ახლა დაბალი რისკის ჯგუფების აცრა იწყება. მესმის, რატომ სურს ზოგიერთ ქვეყანას ბავშვებისა და მოზარდების აცრა. მოვუწოდებ მათ, გადახედონ ამ გადაწყვეტილებას და ამის ნაცვლად ვაქცინები COVAX-ის მექანიზმს გაუზიარონ. დაბალი და საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ვაქცინების მარაგი საკმარისი არ არის ჯანდაცვის მუშაკების იმუნიზაციისთვისაც კი და საავადმყოფოები გადატვირთულია იმ ადამიანებით, რომლებსაც სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება“, - განაცხადა გებრეიესუსმა.