"ცესკოში 2021 წელს განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესი სათანადოდ დასაბუთებული არ არის და აჩენს განცდას, რომ რეორგანიზაცია ნაჩქარევად მიმდინარეობს, რასაც მოწმობს 5-მარტიდან - 14 მაისის პერიოდში, რეგლამენტში ორჯერ განხორციელებული ცვლილება და ახლად შექმნილი დეპარტამენტების მოკლე ვადაში კვლავ რეფორმირება", - ''სამართლიანი არჩევნები'' (ISFED) ცესკოში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.
2021 წლის 4 მარტს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საარჩევნო კომისიის აპარატის რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო. 2021 წლის 5 მარტს, რეორგანიზაციის მიზნით, ცესკოს რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებებით, ჯამში, განისაზღვრა 11 დეპარტამენტი.
ISFED-მა ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი საფუძვლებით დაიწყო მიმდინარე რეორგანიზაცია, თუმცა ცესკომ დასაბუთებული არგუმენტები ამ შემთხვევაშიც ვერ წარმოადგინა.
"სამართლიანი არჩევნები" იმთავითვე დაინტერესდა ცესკოს აპარატში მიმდინარე რეორგანიზაციით. შესაბამისად, მიმართა ცესკოს და გამოითხოვა ინფორმაცია რეორგანიზაციის საჭიროებისა და სამართლებრივი საფუძვლების გამოკვლევის მიზნით. ასევე, დაინტერესდა საკადრო ცვლილებების საკითხით. საარჩევნო ადმინისტრაციისგან მიღებული პასუხი არ შეიცავდა სრულ ინფორმაციას დასმულ საკითხებთან დაკავშრებით და ზოგადი ფორმულირებით შემოიფარგლებოდა", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ISFED-ი გავრცელებულ განცხადებაში ეხმიანება "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის გაფორმებულ შეთანხმებასაც, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმირებასაც მოიცავს. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, შესაძლოა, ცესკოში კიდევ ერთხელ დადგეს უფრო ფართო რეორგანიზაციის საჭიროება.
" საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც ცესკოს ახლებურ დაკომპლექტებასა და გარკვეული საკითხების სხვაგვარად მოწესრიგებას ისახავს მიზნად, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა და პილოტირება, საარჩევნო დავებთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება და სხვა. ამ ფონზე, მოსალოდნელია, რომ საარჩევნო რეფორმის კვალდაკვალ, საარჩევნო ადმინისტრაციაში უფრო ფართო სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების საჭიროება გაჩნდეს. გარდა ამისა, რეფორმის დასრულებამდე, ცესკოს არასრული შემადგენლობის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება მოკლებული იქნება მაღალ ლეგიტიმაციას და, შესაბამისად, საზოგადოების ნდობას, მით უფრო, ოპოზიცური პარტიების მიერ დანიშნული წევრების არარსებობის პირობებში", - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, "სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ მიზანშეუწონელია ცესკოს აპარატის სტრუქტურული ცვლილებები.
"ნებისმიერი ინსტიტუციური გარდაქმნა უნდა განხორციელდეს ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების შემდეგ. შესაბამისად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო რეფორმის დასრულებამდე უნდა შეაჩეროს მიმდინარე სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები, რადგან ეს, ერთი მხრივ, გაუგებარია მიმდინარე რეფორმის ფონზე, ხოლო მეორე მხრივ, მოკლებულია ლეგიტიმაციას ცესკოს სრულად დაკომპლექტებამდე",- ნათქვამია "სამართლიანი არჩევნების" განცხადებაში.