უკრაინა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე NATO-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების შესახებ მიღებული დაპირების შესრულებას ითხოვს

უკრაინა დაჟინებით მოითხოვს დაპირების შესრულებას, რომელიც 2008 წელს, ბუქარესტში, NATO-ს სამიტის დროს, ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიიღო და ელოდება, რომ ივნისის სამიტზე MAP-სთვის გზა ხსნილი ექნება. ამის შესახებ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ უსაფრთხოების თემაზე ონლაინ-ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"13 წელი გავიდა ბუქარესტის სამიტიდან, რომელზეც გადაწყდა, რომ უკრაინასა და საქართველოს მომავალში წევრობას მიანიჭებენ. ახლა, ასეთ ვითარებაში, ჩვენ დაჟინებით ვითხოვთ ამ დაპირების შესრულებას", - განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

სტეფანიშინამ ხაზი გაუსვა, რომ NATO-მ უნდა მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ რუსეთს ვეტოს უფლება არ აქვს ალიანსში.

ოლგა სტეფანიშინა იმედს გამოთქვამს, რომ NATO-ს მომავალ სამიტზე დაპირება დადასტურებული იქნება და სამიტის განცხადება წევრობის სამოქმედო გეგმის, იგივე MAP-ის მინიჭების გზას დასახავს.